საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი ბ-ნი დავით ასათიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფებოდა. დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოების (CCBE) ოფიციალურ დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც თავად ამ ავტორიტეტული ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტი მარია სლაზაკი ხელმძღვანელობდა.
CCBE-ის ეგიდით, დავით ასათიანმა ადვოკატთა დამოუკიდებლობის და პროფესიული ეთიკის თემაზე ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, მან აზერბაიჯანელ კოლეგებს ქართველი ადვოკატების გამოცდილება და ამ მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროექტები გააცნო.
კონფერენციის პარალელურად, გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, აზერბაიჯანის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან და ადვოკატთა კოლეგიის ხელმძღვანელობასთან.
მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის ადვოკატთა კორპუსის შემდგომ თანამშრომლობასა და ამ პროცესის CCBE-ის მხრიდან მხარდაჭერასთან დაკავშირებით.